
მისია და ხედვა
ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი – ხან ცელქი, ზოგჯერ ჯიუტიც, რომელსაც დაბრკოლებები, სიახლეები და თავგადასავლები უყვარს. ის არასდროს ნებდება და მიზნისკენ სვლას ყოველთვის აგრძელებს. არ უშინდება ამინდს, როცა მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშობს, სვამს უამრავ კითხვას, რათა სამყარო შეისწავლოს. უყვარს აღმოჩენები, რომლებიც მთელი ცხოვრება ახსოვს.
სწორედ აღმოჩენებისა და თავგადასავლების სიყვარულმა, სურვილმა, ყველა ბავშვს ჰქონდეს საყვარელი წიგნის პოვნისა და მისი პირველად წაკითხვის ბედნიერება, მიზანმა, არასდროს არავინ დაკარგოს შინაგანი ბავშვი, მიგვიყვანა იდეამდე, რომელსაც BookBridge ჰქვია.
ისტორიას თქვენ გარეშე ვერ დავწერდით. გვჯერა, რომ სიხარული, რომელიც ამ პროცესს ახლავს, აუცილებლად უნდა გააზიარო და მოუყვე მათ, ვისაც სურს, კარგი ამბის ნაწილი გახდეს.
ჩვენი მისია
ჩვენ მიგვაქვს წიგნები იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად ელიან. ჩვენი მისიაა საქართველოს მაღალმთიანი სკოლების მოსწავლეების უზრუნველყოფა მათთვის სასურველი ლიტერატურით, რათა სასკოლო გარემო – უფრო საინტერესო, ხოლო ბავშვების ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.
ჩვენი ხედვა
გვსურს, შევქმნათ მყარი და უწყვეტი ხიდი წიგნის დონორებსა და მთის სკოლებს შორის. გვჯერა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იყოს ბარიერი განათლებისა და ახალი აღმოჩენებისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მაღალმთიან სკოლას თანამედროვე ბიბლიოთეკა ჰქონდეს.
ვინ აშენებს ამ ხიდს?
ამ დიდ პროცესში მთავარი ძალა წიგნის დონორები და მოხალისეები ხართ. თქვენი დახმარებით, სხვადასხვა ქალაქიდან გამოგზავნილი წიგნები ჩვენს პარტნიორ ობიექტებში იყრის თავს, იქიდან კი გზას მთისკენ აგრძელებს.
შენი წიგნის თავგადასავალი იწყება.
გახდი წიგნის დონორი